საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

DECEP - ადრეული განათლების პროგრამების განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში
პროექტის ნომერი: 101179491

 

 

 

 

 

 

პროექტის ძირითადი ღირებულებები — ზრუნვა, კეთილდღეობა და განვითარება — ჩამოყალიბდა პროექტის პირველ სამუშაო შეხვედრაზე (Kick-off meeting). აღნიშნული პრინციპები არა მხოლოდ შეესაბამება ადრეული ბავშვობის განათლების (ECE) გლობალურ ტენდენციებს, არამედ წარმოადგენს ეთიკურ და პედაგოგიურ საფუძველს როგორც ბაკალავრის (BA), ასევე პროფესიული განვითარების (PD) პროგრამების დიზაინისთვის. აღნიშნულ ღირებულებებს ეფუძნება საუნივერსიტეტო საგანმანათლებლოო პორგრამების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების ყველა ეტაპი და გამოხატავს ბავშვზე ორიენტირებული განათლების ჰოლისტურ ხედვას.

 

 

პროექტის აქტუალობა

 

2023 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 1,647 სახელმწიფო ბაღი და ადრეული განათლების (ECE) დაწესებულება, საშუალო თანაფარდობა ბავშვი-პედაგოგი იყო  დაახლოებით 10:1. ბევრ ჯგუფში, რომლებშიც 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, 30–35 ბავშვს მხოლოდ ერთი მასწავლებელი და ერთი აღმზრდელი ჰყავდა, რაც განსაკუთრებით პერსონალისა და სპეციალისტების მნიშვნელოვან დეფიციტს უსვამს ხაზს. ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში, მათ შორის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში. პროფესიული კადრების სიმწირესთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა,  გადაჭრას საჭიროებს პროფესიული განვითარების საკითხი, ასევე, შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამების არსებობისა და თანამედროვე სასწავლო რესურსების პრობლემა.

 

ადრეული განათლების სფეროში ცნობიერების ამაღლებამ, ასევე, წამოწია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საკითხი, რაც, თავის მხრივ, ადრეული ინკლუზიური განათლების კვალიფიციური სპეციალისტების გადაუდებელ საჭიროებას უსვამს ხაზს. როგორც ცნობილია, ბავშვების აქტიური ჩართულობა და მათი ჰოლისტური განვითარება ადრეულ ასაკში აუცილებელია განვითარების შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

 

რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ჭარბობენ, დამატებით ბარიერებს ქმნის სახელმწიფო ენის დაუფლების შეზღუდული დონეც. ენის ადრეული სწავლება ბუნებრივ გარემოში, ბაღიდან დაწყებული, ეფექტიანად უწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას საზოგადოებაში.

 

ეს სტრუქტურული და ხარისხობრივი გამოწვევები აფერხებს ადრეული განათლების მდგრადი და ხარისხიანი სისტემის უზრუნველყოფას. ხარისხიანი ადრეული განათლება აუცილებელია მომავალი თაობების კოგნიტური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისათვის, ასევე, მათი წარმატებული ადაპტაციისთვის საზოგადოებაში. უნივერსიტეტებში ECE პროგრამების შექმნა, კვალიფიციური პერსონალის სისტემური გადამზადებისა და ტრენინგების პარალელურად, გადამწყვეტი ნაბიჯია ამ გამოწვევების გადასაჭრელად.

 

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციას იძლევა, რომ შეიქმნას ადრეული განათლების უმაღლესი განათლების პროგრამები, რომლებიც იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. ამჟამად, ქართულ უნივერსიტეტებში ბაკალავრის (BA) და მოკლევადიანი პროფესიული განვითარების (PD) პროგრამები ფართოდ არ არის დანერგილი. აუცილებელია სავალდებულო მოდულების ჩართვა მრავალენოვანი განათლების, ინკლუზიური განათლებისა და ადრეული განვითარების სტიმულაციის მიმართულებით, რათა მომზადდეს და გადამზადდეს მრავალფუნქციური სპეციალისტები.

 

 

პროექტის მიზანი


„ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (DECEP) მიზნად ისახავს ადრეული განათლების პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებას, უნივერსიტეტებში ბაკალავრისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნას, პერსონალის პროფესიული ტრენინგების უზრუნველყოფას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებასა და ადაპტაციას.

 

 

პროექტის ამოცანები:

 

  • ECE პროგრამების შემუშავება: საბაკალავრო და პროფესიული განვითარების (PD) პროგრამების შექმნა, ევროპელი პარტნიორების (VU, UT) გამოცდილების გამოყენებით.
  • ციფრული ტრანსფორმაცია: ციფრული საშუალებების, რესურსებისა და მეთოდოლოგიების ინტეგრაცია ECE პროგრამებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.
  • თანამშრომლობის გაძლიერება: უნივერსიტეტებსა და ECE საზოგადოებას შორის ეფექტური პარტნიორობის ჩამოყალიბება.
  • ადვოკატირება და პოლიტიკის მხარდაჭერა: ცნობიერების ამაღლება პოლიტიკის შემმუშავებლებსა და მშობლებს შორის ECE-ის მნიშვნელობის შესახებ.
  • ინკლუზიური ხელმისაწვდომობა: თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხარისხიან ადრეულ განათლებაზე საქართველოს ყველა ბავშვისთვის.

 

 

პარტნიორობა

 

კოორდინატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

 

პარტნიორები:

 

  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)

 

მრავალმხრივი ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან და ინკლუზიურ ადრეულ განათლებაზე.

 

 

ძირითადი მიღწევები / შედეგები

 

გაცნობითი შეხვედრა: დამტკიცდა პროექტის მისია, ღირებულებები და მიზნები.

  • სამუშაო ვიზიტები ვილნიუსის უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯში: პროექტის მონაწილეები გაეცნენ ესტონეთისა და ლიეტუვის ECE პოლიტიკას, შეისწავლეს უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები, კურიკულუმი და გაეცნენ სილაბუსებს, ეწვივნენ ადგილობრივ ბაღებს და დააკვირდნენ საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროცესს.
  • ტრენინგები მონაწილეებისთვის: ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტების წარმომადგნლებმა პროექტის მონაწილეებისთვის ჩაატარეს ტრენინგები მრავალენოვანი განათლების, ენის სწავლების, პედაგოგის კომპეტენციებისა და სოციალური-ემოციური სწავლების თემებზე.
  • BA და PD პროგრამების შემუშავება: შემუშავდა საბაკალავრო და პროფესიული განვითარების პროგრამები, მათ შორის სილაბუსები და სასწავლო რესურსები. მიმდინარეობს საბოლოო რედაქტირების პროცესი.

 

 

მიღწეული შედეგები:

 

  • მონაწილეებმა მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ECE პოლიტიკასა და პედაგოგიურ პრაქტიკაში.
  • ბაკალავრისა და PD პროგრამები სრულად შემუშავებულია მრავალენოვანი და ინკლუზიური მოდულებით.
  • აკადემიური პერსონალის და მომავალი პედაგოგების პროფესიული კომპეტენციები გაძლიერდა.
  • ევროპელი პარტნიორების ცოდნის გაზიარებამ საფუძველი შექმნა მდგრადი ხარისხიანი ECE პროგრამების შემუშავებისთვის.

 

 

მოსალოდნელი შედეგები:

 

  • პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იქნება აკადემიური პერსონალი,  ECE პედაგოგები და ფართო საზოგადოება.
  • პროექტის განხორციელების შედეგად:
  • შეიქმნება ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამები;
  • გაიზრდება წვდომა ციფრულ რესურსებზე;
  • გაიზრდება კვალიფიციური პედაგოგების რაოდენობა;
  • ხელი შეეწყობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;
  • გაძლიერდება ეროვნული ECE სისტემა.
  •  

 

თვლადი ინდიკატორები:

 

  • სამი ბაკალავრის პროგრამა ადრეული ბავშვობის განათლებაში.
  • სამი პროფესიული განვითარების პროგრამა ECE პედაგოგებისთვის.
  • ერთი სასწავლო მართვის სისტემა (LMS) პროგრამების განხორციელებისთვის.
  • ერთი ღია საგანმანათლებლო რესურსების (OER) ბაზა.
  • სანივერსიტეტო ქსელის შექმნა თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარებისთვის.